ჯვართამაღლების სახელობის ტაძარი კომპლექსის მთავარ ტაძარს წარმოადგენს, რომლის მშენებლობასაც საფუძველი 2000 წელს ჩაეყარა, დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ინიციატივითა და წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის სამრევლოს აქტიური მონაწილეობით. ტაძარი, რომელშიც 2003 წლიდან აქტიურად აღევლინება ღვთისმსახურებები, 2006 წლის 22 დეკემბერს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) აკურთხა. სწორედ 2003 წლიდან, როდესაც ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის მშენებლობა დასრულდა, ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.
არქიტექტურულად ჯვართამაღლების ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. აღსანიშნავია, რომ ტაძარში არსებული ყველა ხატი საგანგებოდაა შექმნილი ტაძრისთვის, რაზეც ხატების ფერებისა და ხელწერის მსგავსებაც მეტყველებს.
ჯვართამაღლების ტაძრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირსებას წარმოადგენს მაცხოვრის ცნობილი მოზაიკური ფრესკა “პანტოკრატორი”, რომელიც ტაძრის კონქს 2021 წლის მარტიდან ამშვენებს. მოზაიკა აია-სოფიას ტაძრის “პანტოკრატორის” ზუსტი ასლია (დაზიანებული ნაწილების გათვალისწინებით). ამ ასლის შექმნით, მსურველებს განსაკუთრებული შესაძლებლობა მიეცათ, მოილოცონ ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უნიკალური ნიმუშის ასლი.
ტაძრის ინტერიერში ყურადღება გამახვილებულია თითოეულ საღვთისმსახურო დეტალსა და გამშვენებაზე, რათა ღვთისმსახურებები მაქსიმალურად მოწესრიგებულად და შეუფერხებელად აღესრულებოდეს – ამით კი ყველა პირობა არსებობდეს მრევლის მსახურებაში სრულყოფილი მონაწილეობისთვის.