სატაძრო კომპლექსის ისტორია

ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის ისტორია 2000 წლიდან იწყება, როდესაც დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ინიციატივითა და თბილისის წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის სამრევლოს ჩართულობით ბახტრიონზე, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის 14 ნომერში, საფუძველი ჩაეყარა ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის მშენებლობას.

აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის ტაძრის ამჟამინდელი ტერიტორია 112-ე საბავშვო ბაღს ეკუთვნოდა, რომლის დირექტორის, დარეჯან სოხაძის ინიციატივითა და მოწადინებით იგი ეკლესიას გადაეცა ტაძრის ასაშენებლად.

კომპლექსის ტაძრები

სატაძრო კომპლექსში ინტენსიური ღმრთისმსახურებები 2003 წლიდან დაიწყო. დროთა განმავლობაში მრევლის ზრდასთან ერთად დადგა ახალი ტაძრების აშენების საჭიროებაც. განსაკუთრებით აქტიური აღმშენებლობა სატაძრო სივრცეში დაიწყო 2020 წლიდან. ამჟამად კომპლექსში უკვე 8 მოქმედი ტაძარია: ჯვართამაღლების ტაძარი, წმინდა ნინოს სახელობის ბაზილიკა, წმინდა იოსებ ისიქასტის, ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების, ღირსი სოფრონ ინგლისელის (სახაროვი), წმინდა გრიგოლ ხანძთელის, წმინდა მოწამეების – ბიძინას (ჩოლოყაშვილი), შალვასა და ელიზბარის (ქსნის ერისთავები) და წმინდა გრიგოლ პალამას  სახელობის.

სხვა ინფრასტრუქტურა

დღეს სატაძრო კომპლექსში ერთიანდება: წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო კერა, ჯვართამაღლების ტაძართან არსებული უნივერსალური ცოდნის სივრცე “ბახტრიონი”, საეკლესიო მაღაზია, განახლებული ათონის დარბაზი, ღვთისმსახურთა ოთახები, წინამძღვრის კელია, სამრევლოს ახალგაზრდულ-მოხალისეობრივი ჯგუფების სამუშაო სივრცეები, სატრაპეზო, სეფისკვერების საცხობი, სანთლების დასამზადებელი მცირე საამქრო, გამომცემლობა და ხმის ჩამწერი სტუდია.

კომპლექსის ეზოში, რომლის სრული კეთილმოწყობა მალე დასრულდება, არსებობს წყალკურთხევის ემბაზი, ფანჩატური, სამრეკლო, ამფითეატრი, მცირე მოსასვენებელი კუთხეები და სხვა.

ტაძრის მოპირკეთებული ეზო იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამწვანებული ადგილი ქალაქის მასშტაბით.


წმ. გრიგოლ ხანძთელის განათლების კერა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2021 წელს ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში დაარსდა წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის საგანმანათლებლო კერა, რომლის ხელმძღვანელადაც უწმინდესისავე კურთხევით დაინიშნა ტაძრის მღვდელმსახური საბა თავაძე. დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა კერის მიერ და ასევე მრავალი იგეგმება სამომავლოდ.

ლოგო

ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის ლოგო 2020 წელს შეიქმნა. მასზე გამოსახულია: ბარძიმი, კოვზი და სკვნილი. ლოგოს წრეზე გასდევს წინამძღვრის, დეკანოზ თეოდორე გიგნაძის, სიტყვები, რომლებიც სამრევლოს დევიზად იქცა: “არცერთი წამი ქრისტეს გარეშე.”

მნიშვნელოვანი მოვლენები

ღმრთისმშობლის სარტყელის მოსალოცად ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის სამრევლოს ახალგაზრდები კვიპროსზე

2024 წლის 9-12 თებერვალს ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის სამრევლოს 180-მდე ახალგაზრდა...