...

დეკანოზ თეოდორე გიგნაძის წინასიტყვაობა წიგნისთვის “არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი – გულიდან გამომავალი სიტყვები”

“ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი ქართველისთვის, სამშობლოს სიყვარულიდან გამომდინარე, მაშინაც კი, როდესაც ურწმუნო ვიყავი (ჩვენ ხომ გლობალური ათეიზმის ტყვეობაში ვიზრდებოდით), ბიზანტია ინტუიციურად ყოველთვის მიმზიდველი და საინტერესო იყო. ქრისტეს შეცნობის მერე ამ ინტუიციამ თანდათან კონკრეტული სახე მიიღო. ქართველი კაცისთვის შეუძლებელია, ბიზანტია ძვირფასი არ იყოს. ჩვენთვის ბიზანტია იყო არა ბერძნული, არამედ ქრისტეანული სამყარო, რომელიც ჩვენ თვალწინ და ჩვენთან ერთად ყალიბდებოდა და ვითარდებოდა.
 
ჩვენი სახელმწიფოები ერთდროულად გაქრისტიანდა, კონსტანტინე მირიანს ძმას უწოდებს და ორივე მოციქულთასწორი წმინდანია. და, მიუხედავად ბიზანტიის და საქართველოს განსხვავებული მაშტაბებისა, მათ შორის მრავალი რამ, უპირველეს ყოვლისა კი, – ქრისტეანული კულტურა, ქრისტესადმი რწმენა და ერთგულება – საერთო იყო. შეიძლება ითქვას, რომ ქრისტეანული კულტურის, ტრადიციის განმტკიცებისა, აღორძინებისა და გადარჩენისათვის ბრძოლა უმთავრესი პრიორიტეტი იყო ორივე სახელმწიფოსთვის და პროცენტულობისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს ღვაწლი ნაკლები იყო…
 
დღეს აღარც ბიზანტია არსებობს და აღარც დავითის, თამარის და შოთას საქართველო, მაგრამ არსებობს ამ დიადი ცივილიზაციის საფუძველი და სულის ჩამდგმელი – ქრისტეს ეკლესია, მარად ცოცხალი სხეული ქრისტესი, რომელმაც უძველესი ბიზანტიურ-ქართული ქრისტეანული ცივილიზაციის სული, ტრადიციის უწყვეტობის გამო, ათონის წმინდა მთაზე შეინარჩუნა.
 
ათონის წმინდა მთა…
ბიზანტიურ-ქართული ცივილიზაციის გადარჩენილი ნაწილი…
ივერონი…
პორტაიტისა…
წმინდა ათანასე, დედით ქართველი…
იოანე, ექვთიმე, გიორგი – ჩვენები…
ათონის წმინდა მთა, ქართული სულის ნაწილი, ქართული სახარება – ჩვენების მიერ ქართულ ენაზე გამოძერწილი…
 
…მითხრეს, ბერიაო წმინდა მთიდან ჩამოსული. მის ოცწუთიან სიტყვას მოვუსმინე სასულიერო აკადემიაში. მისი სიტყვა არ იყო უბრალოდ მწიგნობრული, ან უბრალოდ აკადემიური. მისი სიტყვა არც უბრალოდ პრაქტიკული და არც მხოლოდ სუბიექტურ-გამოცდილებითი იყო. მისი სიტყვა წმინდა ეკლესიის ორიათასწლოვანი სულიწმიდისეული გარდამოცემის საღმრთო ცეცხლს შეიცავდა. მის სიტყვაში ტრადიციის უწყვეტობა და სულიერი სკოლის არსებობა იგრძნობოდა.
 
ამის შემდეგ ერთ-ერთ ოჯახში იყო შეხვედრა (ათონელი ბერის ქართველი სულიერი შვილის მშობლების და ძმის ოჯახაში), რომლის დროსაც ბერისგან, რომელიც წმინდა მთის, ვატოპედის მონასტრის იღუმენი, არქიმანდრიტი ეფრემი აღმოჩნდა, მასთან მონასტერში ჩასვლის მიწვევა მივიღე, რაც ცოტა ხანში, უფლის წყალობითა და ჩვენი პატრიარქის, ილია მეორის, კურთხევით განხორციელდა კიდეც. ასე დაიწყო მამა ეფრემთან ჩემი ურთიერთობა, რომლის კეთილი ნაყოფები ამჟამად ჯვრის ამაღლების მთელ სამრევლოში და მის ფარგლებს გარეთაც საცნაურია.
 
მამა ეფრემი დიდი მღვდელი და თანამედროვეობის უდიდესი მისიონერია. ამას კი მრავალი მიზეზი აქვს: იგი იოსებ ვატოპედელის და, შესაბამისად, დიდი იოსებ ისიქასტის (რომლის ცეცხლოვანმა ღვაწლმა მოციქულთა მსგავსი დიდი ნაყოფები გამოიღო) ღირსეული მემკვიდრეა; ღირსეული მემკვიდრეა როგორც მდგომარეობით, ისე გამოღებული ნაყოფებით; იგი უაღრესად ქარიზმატული პიროვნებაა; მასში შენივთებულია ორიათასწლოვანი გამოცდილება ჩვენი ეკლესიისა; ღირსეული მამასახლისობა, ანუ კეთილად გაძღოლა საქრისტიანოს ერთ-ერთი უდიდესი სავანისა; უფაქიზესი განცდა და შესაბამისი გათვალისწინება ამა სოფლის სულისა პავლე მოციქულის სწავლებისაებრ, ყველასთან ყველა ვიყავი, რომ ყოველი ქრისტესთან მიმეყვანაო (1 კორ.9:19). მოციქულთა სულის მატარებელი და მოციქულთა დარად მოშურნე, მისიონერობაში ნამდვილად მოციქულთა სწორი მამა ეფრემი უაღრესად თანამედროვე მოღვაწეა.
 
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მრავალთაგან ვერაა სწორად გაგებული, რაც ხშირად განკითხვის მიზეზი ხდება იმ მოღვაწეებისთვის, რომლებიც სულიერი მოღვაწეობის ჩაკეტილ ფორმას ამჯობინებენ. მამა ეფრემს ხშირად იმის გამოც აკრიტიკებენ, რომ ძლიერად აქვს განვითარებული ესთეტიკური გრძნობა, მაგრამ მისი მისიონერული წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა.
 
საერთოდ კი ხე ნაყოფით იცნობა. მრავალს საკუთარ თავზე გამოუცდია მამა ეფრემის წინასწარმცნობელური და მჭვრეტელობითი მადლი, რაც მას წმინდა იოსებ ისიქასტის ღირსეულ მემკვიდრედ და ძველ მოღვაწეთა დარ მამად წარმოგვიდგენს; მამა ეფრემს განსაკუთრებული სიყვარული აქვს ქართველების მიმართ. ამის ერთ-ერთ მიზეზი შეიძლება მისი კვიპროსელობაცაა. ჩვენსა და კვიპროსელების გარკვეულ ისტორიულ კავშირებზე კი ბევრი რამაა ცნობილი. ამავე დროს მამა ეფრემი დიდი ქველმოქმედი და მეცენატია, რომლის მოღვაწეობის ნაყოფებს საქართველოშიც შევხვდებით.
 
ცალკე აღსანიშნავია მისი ევქარისტიული ცხოვრებისადმი დამოკიდებულება, მისი ცნობიერი და პრაქტიკული ევქარისტოცენტრულობა. მღვდლობაში უმთავრესი ხომ სწორედ ევქარისტიული მსახურებაა და მამა ეფრემის დიდი მღვდლობა ყველაზე მეტად სწორედ ევქარისტიულ მსახურებაში ვლინდება…
 
ეს ჩემს თავზე განმაცდევინა უფალმა…
 
2011 წელია. პირველად აღმოვჩნდი ათონის წმიდა მთაზე. „ზღაპარი“ გაცოცხლდა, სინამდვილედ იქცა. საქართველოსა და ბიზანტიის ერთობაც ხელშესახები გახდა. ლიტურგიკური ცხოვრების ინტენსივობამ დრო გააქრო, გაცრიცა. დღე და ღამემ ადგილები გაცვალეს. მონასტრის მთავარ მოედანზე დიდი საათი ბიზანტიურ დროს აჩვენებს. სხვა სამყაროში, სხვა ცივილიზაციაში ვიმყოფები. ბიზანტიური დიდი მსახურების დროს დრო ქრება, ნამდვილი ქრისტეანული მისტიკა სამყაროს სიმყარეს აუქმებს, ზეცაში თავდავიწყებით გვამყოფებს…
 
წმინდა ნიკოლოზის ხსენებაა. მონასტრის იღუმენი წირავს. მე ერთ-ერთი თანამწირველი ვარ. მის ხელმარცხნივ ვდგავარ. მამა ეფრემი დიდებული მწირველია. მისი ქარიზმატულობა, განსაკუთრებული ხმა, ლოცვით აჩვილებული გული მთლიანად გძირავს ღმრთისმსახურებაში, მაგრამ…იმ დღეს, ნიკოლოზობას, სხვა რამ მოხდა. თვალით არ იხილვებოდა, მაგრამ იხილვებოდა… სიტყვით გადმოცემა შეუძლებელია, მაგრამ განიცდებოდა… წმინდა ტრაპეზზე თეთრი მტრედი ზეციურ მამას ტკბილი ხმით შეჰღუღუნებდა…
 
ამის მერე თეორიულად მაინც ვიცი, როგორ უნდა წირავდეს მღვდელი. მსახურების ნიშნული ძალიან ზემოთ აიწია…
 
ამ დღის მერე ბევრი რამ შეიცვალა ჩემშიც და სამრევლო ცხოვრებაშიც…
 
მადლობა უფალს.
 
მადლობა მამა ეფრემს”.
____________________________
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
10 მაისი, 2022 წ.
Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.