www.jc.ge უნიკალური მისიონერული ქართული საიტია, რომელიც თავის თავში მოიცავს მუდმივგანახლებად ინფორმაციას თბილისის ჯვართამაღლების სახელობის სატაძრო კომპლექსისა და მის წიაღში აღმოცენებული სხვადასხვა კერების და სამრევლო ცხოვრების შესახებ.
ვებგვერდი იმართება სამრევლოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე წევრების მიერ.
(სამრევლოს ადმინისტრირების ქვეშაა ასევე შემდეგი ვებგვერდები: Madliereba.ge და Evqaristia.ge)
ჯვართამაღლების სახელობის ტაძარში (წინამძღვარი: თეოდორე გიგნაძე) ხშირი ღმრთისმსახურებები 2003 წლიდან იწყება. სწორედ ინტენსიური ევქარისტიული ცხოვრება გახდა სამრევლოსთვის მთავარი ცენტრი, რომლის ირგვლივაც დაიწყო სატაძრო კომპლექსისა და მისიონერული საქმიანობის განვითარება.
სატაძრო კომპლექსის მთავარ ტაძარს წარმოადგენს ჯვართამაღლების ტაძარი, რომლის მშენებლობასაც საფუძველი 2000 წელს ჩაეყარა, დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ინიციატივითა და წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის სამრევლოს აქტიური მონაწილეობით. ტაძარი, რომელშიც 2003 წლიდან აქტიურად აღევლინება ღვთისმსახურებები, 2006 წლის 22 დეკემბერს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) აკურთხა.
ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის რიგით მე-2 ტაძარი წმ.ნინოს სახელობის ბაზილიკაა, რომლის მშენებლობაც 2011 წელს დაიწყო, ხოლო იკურთხა 2015 წლის 10 თებერვალს, მიტროპოლიტ იაკობის (იაკობიშვილი) მიერ.
სატაძრო კომპლექსის მესამე, წმ.იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძრის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, ხოლო იკურთხა 2020 წლის 22 ივლისს, საზეიმო ვითარებაში, მიტროპოლიტ დავითის (მახარაძე) მიერ.
2022 წლის 29 ივნისს ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსს რიგით მეოთხე, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესია შეემატა, რომელიც ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) აკურთხა. ტაძრის მშენებლობა 2020 წელს დაიწყო.
2022 წლის 11 ივლისს, ბოლნელი მთავარეპისკოპოსის ეფრემის (გამრეკელიძე) მიერ, ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის რიგით მეხუთე, ღირსი სოფრონ ინგლისელის (სახაროვის) სახელობის ტაძარი იკურთხა.
ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლო ცხოვრება საკმაოდ ინტენსიური და დატვირთულია, რაც გამომდინარეობს ყოველდღიური ლიტურგიკული მსახურებითა და მასში მრევლის აქტიური მონაწილეობით. ინტენსიურმა ევქარისტიულმა და სამრევლო ცხოვრებამ კი უამრავი ახალგაზრის ჩართულობა განაპირობა სატაძრო საქმიანობაში, შედეგად კი წარმოიშვა სხვადასხვა მოხალისეობრივი ჯგუფი: საინიციატივო და საორგანიზაციო, ტექნიკური, გადამღებთა და ინტერნეტ-რესურსების მართვის, გამშვენების და სხვა. ასევე, გაჩნდა საჭიროება და სურვილიც უამრავი სატაძრო საქმის კეთებისა: მზადდება სეფისკვერები, სანთლები, სკვნილები, თაფლი…
სამრევლოს ახალგაზრდების მოხალისეობრივი ჯგუფების მიერ სხვადასხვა ღონისძიებების, სოციალურ-კულტურული პროექტების ორგანიზება ხდება. “Წმ. Გრიგოლ ხანძთელის განათლების კერისა” და მასთან არსებული ,,ათონის დარბაზის” ეგიდით იმართება შეხვედრები მრევლისთვის საყვარელ და მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის პატივსაცემ სასულიერო პირებთან, ონლაინ პლათფორმების მეშვეობით.
აღსანიშნავია, რომ სამრევლო ახალგაზრდების ერთობით, ასევე, ჩამოყალიბებულია მთარგმნელობითი ჯგუფები, რომლებიც წმინდა მამებისა ნაშრომებსაც თარგმნიან ინგლისური, ბერძნული, რუსული, ენებიდან. სატაძრო სივრცეში შექმნილი ვიდეო გრაფიკული მასალა, გარდა აღნიშნული ენებისა, ითარგმნება ფრანგულ, გერმანულ და პორტუგალ ენებზე.
სამრევლოში არის ტექნიკური ჯგუფიც, რომელიც ტაძრის საღვთისმსახურო თუ სამრევლო ცხოვრების ყველა მთავარი მოვლენის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება-დამუშავებასა და გავრცელებას უზრუნველყოფს.
* * *
ვებგვერდი WWW.JC.GE იმართება მოხალისეობრივად სამრევლოს ტექნიკური ჯგუფის მიერ.
ჯვართამაღლების სახელობის სატაძრო კომპლექსის მისამართი: თბილისი, ზ.ფანასკერტელ-ციციშვილის ქ. #14 (საბურთალო)
წინამძღვარი: დეკანოზი თეოდორე გიგნაძე