ტაძრის ახალგაზრდების მონდომებითა და ორგანიზებით, ჩამოყალიბდა ახალი ხატების ლიტანიობით მიგებების ტრადიციაც წირვის დაწყებამდე, რომელშიც სამღვდელო დასი და მრევლის წევრები იღებენ მონაწილეობას.
ჯვართამაღლების სამრევლოში დამკვიდრებული ტრადიციით ახალდაწერილ ხატებს, წმინდანთა ნაწილებს და სხვა საზეიმო დღესასწაულებს სამღვდელო დასი და მრევლი ლიტანიობით ეგებება. საგანგებოდ მზადდება სადღესასწაულო მეწამული ხალიჩები და მათ გასწვრივ მანდილოსანთა კორიდორი კეთდება, რომლებიც, პატივისცემისა და კრძალვის ნიშნად, მსვლელობას ვარდის ფურცელთა პნევით და თეთრი ფერის თავსაბურავებით ეგებებიან .
ყოველი ლიტანიობის წინ სამრევლოს ახალგაზრდა გოგონათა გამშვენების ჯგუფი განსაკუთრებულად ალამაზებს წმინდანთა ხატებს და ზრუნავს ლიტანიობის პროცესში მანდილოსანთა მონაწილეობის წესრიგზე.
სამრევლოსთვის ძვირფასია დიდმარხვის განსაკუთრებული მსახურება – პირველშეწირული ლიტურგია.
სპეციალურად ამ ლიტურგიისთვის მუქი იისფერი შესამოსლით იმოსება როგორც საკურთხეველი, ასევე – სასულიერო პირები და სტიქაროსნები.
დროთა განმავლობაში სამრევლოში არაერთი ტრადიცია ჩამოყალიბდა, რომელთაგან გამორჩეულია ღამისთევის საღმრთო ლიტურგიის აღსრულება ოთხშაბათობით. მასში საშუალოდ 180 ადამიანი მონაწილეობს. ხალხის სიმრავლიდან გამომდინარე ღვთისმსახურებაზე აღდგომის დღესასწაულის განწყობა სუფევს. ღამისთევის წირვის შემდეგ სამრევლოს წინამძღვართან შეხვედრის შესაძლებლობა აქვს, სადაც მსურველები მას სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებულ კითხვებს უსვამენ.
აღსანიშნავია, ასევე, ახალი წლის დადგომის ერთობლივი შეხვედრის ტრადიცია ღამისთევის საღმრთო ლიტურგიით, რომელიც უკვე რამდენიმე წელია რაც სამრევლოში დამკვიდრდა.