ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ახლადდაწერილი ხატი “დედა სიმდაბლისა”, რომელზეც წარმოდგენილია ჯვარცმამდელი სცენა უფლის მიწიერი, ამქვეყნიური ცხოვრებიდან, გამორჩეულია თავისი უნიკალურობით – მას მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ხატის შექმნის იდეა დაიბადა 2019 წელს ჯვართამაღლების ტაძარში, დაიწერა 2021 წელს.

ხატის პირველადი ვერსია (დედანი) დაბრძანებულია კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენციაში, ხოლო მთავარი ასლი, რომლის მოლოცვაც ყველა მსურველს შეუძლია – თბილისის ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში (მის: თბილისი, საბურთალო, ფანასკერტელის ქ.14). 

ხატის შექმნის იდეის ავტორია ჯვართამაღლების ტაძრის მღვდელმსახურური, საბა თავაძე. 

ხატმწერი – ლაშა დარბუაშვილი.

26 სექტემბერს ხატს სამღვდელო დასი, მრევლი და სტუმარ ჩოხოსანთა გუნდი საზეიმო პატივით მიეგება.

საკვირაო ქადაგებაში წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ ხატის შესახებ ისაუბრა:

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის უმთავრესი სათნოება, რაშიც გამოვლინდა მისი რწმენა, ღვთისადმი ერთგულება და სიყვარული, არის სიმდაბლე.

მან, შინაგანი, რელიგიური სულიერი ცხოვრებით, გნებავთ ინტუიციურად, იცოდა ის, რაც კაცობრიობამ არ იცოდა. უმნიშვნელოვანესი თვისება ღმერთისა – რომ ღმერთი არის სიმდაბლე.

სიყვარული, რომელიც არის ღვთის არსის ყველაზე მეტად გამომხატველი, სიმდაბლის გარეშე ხომ, რა თქმა უნდა ვერ იარსებებს. ჩვენ ვიცოდით, რომ ღმერთი ყოვლის შემძლეა, სამყაროს შემოქმედია, ყველგან მყოფია, ყოვლადძლიერია, მაგრამ ის თუ სიმდაბლეა, ჩვენ ეს არ ვიცოდით. და ჩვენ ეს გავიგეთ მაშინ, როცა იგი მოვიდა ადამიანად და თვითონ განაცხადა ,,ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა სწორედ ეს სათნოება მოიპოვა თავის თავში. ამგვარად ითანამშრომლა ღმერთთან და სწორედ ამიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ღმერთს ადამიანური ბუნება მიეღო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან, მარიამისგან.

ამიტომ მას ღვთის დედა ეწოდა. ღვთის დედა ანუ სიყვარულის დედა, მაგრამ საქმეში გამოვლინებული – დედა სიდაბლისა.

თუ ჩვენ გვინდა რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვიყოთ რეალობაში, ჩვენ უნდა ვიყოთ მიმბაძველი ამ დიდი სათნოებისა.

თუ ჩვენ არ ვითანამშრომლებთ ქრისტესთან, როგორც ღმერთთან, რომ ჩვენში ეს სათნოება რეალიზდეს, ჩვენთვის ღვთისმშობლის წილხვედრობა ისტორიაში გადაკარგული, რაღაც საინტერესო მოვლენა იქნება, მაგრამ არა რეალობა.

Ჩვენი ტაძრის ერთ-ერთი მღვდელმსახურის იდეაა ამ ხატის შექმნა. ყოველი ნიუანსი ამ ხატისა: მოძრაობა, დინამიკა, გამომეტყველება, თვალები, ბაგის მდგომარეობა, ფერები, თვით სახელიც კი ამ მღვდელმსახურს ეკუთვნის. Შემდეგ მან ძალიან კარგ ხატმწერთან ითანამშრომლა და საბოლოო ჯამში შეიქმნა ის, რასაც თქვენ ხედავთ და რაც ჩვენ ასე ძალიან გვსურდა.

ეს ხატი მივაბრძანეთ საპატრიარქოს რეზიდენციაში, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, რომელმაც ძალიან მოიწონა იგი. Პირველადი ვერსიაც, დედანი, მასთან არის დაბრძანებული რეზიდენციაში და ამ დღიდან ამ ხატს მიენიჭა უფლება, რომ იგი ჩვენს საეკლესიო სივრცეში არსებობდეს.

მისი ასლი დავაწერინეთ და საჩუქრად ჩავაბრძანეთ კვიპროსში, ლიმასოლის ეპარქიაში, მეუფე ათანასესთან. აგრეთვე, კიდევ ერთი ასლი დავაწერინეთ და ჩავაბრძანეთ საჩუქრად ათონის წმინდა მთაზე, ვატოპედის მონასტერში, მამა ეფრემთან და მასაც ძალიან მოეწონა.

თქვენ იცით, რომ ჩვენს სატაძრო სივრცეში მალე დასრულდება მეოთხე ტაძარი და სწორედ ამ ტაძრისათვის დაიწერა ასლი ამ ხატისა. იგი იქნება ამ ტაძრის ცენტრალური ხატი იმიტომ, რომ მთელი ეს ტაძარი ეძღვნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დიდებას”

ვიდეო