პანდემია


პანდემიის გამოცხადებას, 2020 წლის მარტს, მყისიერი რეაგირება მოჰყვა ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში, რათა არცერთ მორწმუნეს მოკლებოდა სულიერი საზრდო მსოფლიოში არსებული განსაცდელის დროს. სახელმწიფოში დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე და მათ შესაბამისად, ჯვართამაღლების კომპლექსში ღვთისმსახურებების განრიგი და სამრევლო ცხოვრების წესი მყისვე შეიცვალა.

 

სახელმწიფო ახალი რეგულაციების მიღებიდან მეორე დილითვე მრევლის წევრების მიერ კომპლექსის ეზოს პერიმეტრზე საგანგებოდ მოეწყო და დაიხაზა სოციალური დისტანციის ნიშნულები, რათა წირვაზე მოსულ ადამიანებს მსახურებაში მონაწილეობა ყველა წესის დაცვით შეძლებოდათ. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ე.წ “თეთრჟილეტიანები”: შეიკერა სპეციალური თეთრი შესამოსელი მრევლის ახალგაზრდების მოხალისეობრივი ჯგუფებისთვის, რომლებიც დღემდე ემსახურებიან წირვაზე მომსვლელებს, უზრუნველყოფენ ყველას მიერ პირბადის ტარებას, ზიარების დროს მრევლის დისტანცირებულ გადაადგილებას და ყველა სხვა რეკომენდაციის გათვალისწინებას.

 

სახელმწიფო რეგულაციების დაცვის თხოვნა და შესაბამისი ინფორმაცია ტაძრის “facebook” გვერდზეც გავრცელდა, რათა ღვთისმსახურებაზე ყველა მომსვლელს წინასწარ სცოდნოდა მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ. პანდემიის დაწყებიდან მალევე, იგზავნებოდა მოკლე ტექსტური შეტყობინებებიც, მსურველებისგან წინასწარ შემდგარი სატელეფონო სიის მიხედვით. ამგვარად, ადამიანები ინფორმირებულები იყვნენ მსახურებების განრიგის შესახებ და, ასევე – მოწოდებულები სახელმწიფო რეგულაციების ზედმიწევნითი დაცვისკენ, ერთმანეთის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მოსაფრთხილებლად, და ჩვენი უფლის სადიდებლად.
ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე მრევლს ტაძრის ეზოდან მუდმივ რეჟიმში ეძლეოდა წირვაში მონაწილეობის საშუალება ხმის გამაძლიერებლის დახმარებით, და ასე გრძელდება დღემდე – ამიტომ, ამ მხრივ, მსახურებაში თანამონაწილეობისთვის დახურული სივრციდან ღია სივრცეში გადასვლა სირთულეს არ წარმოადგენდა. თუმცა პანდემიური რეალობიდან გამომდინარე ტაძრის სამრევლომ სხვა უამრავი ზომა მიიღო: იმისთვის, რომ მსახურებაზე მომსვლელთა დიდი რაოდენობით კონცენტრაცია არ მომხდარიყო დახურულ სივრცეში, მოეწყო გარე სასანთლე და სამლოცველო კუთხეები. ამასთანავე, ტაძარი მყისვე მომარაგდა სადეზინფექციო ხსნარით, პირბადეებითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.

 

აღსანიშნავია, სამრევლოს მიერ დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების ნიღბები, რომლებიც ლიტურგიაზე მოსულ ყველა ადამიანს ურიგდებოდა. Გარდა ამისა, განპირობებული რეგულაციების გამო, ხალხს უწევდა და უწევს რა ცივ ამინდებშიც მსახურებებზე გარეთ დგომა, ტაძარში შეიკერა პლედები, რომლებიც ყოველი წირვისთვის საგანგებოდ მუშავდება. ასევე, ეზოში ხდება სკამების განლაგება რეკომენდირებული დისტანციით დიდებისა და პატარებისთვის, წვიმიან ამინდებში კი “თეთრჟილეტიანები” ქოლგებს არიგებენ. ასაკოვნებისთვის და ჯანმრთელობის პრობლემების მქონეთათვის გამოყოფილია გამათბობლებით აღჭურვილი სივრცე და ტაძრის ეზოს პერიმეტრზე განთავსებულია ხატები, რათა ლიტურგიაში ეზოდან მონაწილეებისთვის მეტი სიმყუდროვე შექმნილიყო.

 

გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესებისთანავე, ადამიანებს არ ჰქონდათ რა ტაძარში მოსვლის შესაძლებლობა, მსოფლიო მართლდმადიდებლური კერების კვალდაკვალ, ჯვართამაღლების ტაძრის ოფიციალური გვერდებიდან ყოველდღიურად ხორციელდებოდა საღმრთო ლიტურგიების პირდაპირი ტრანსლაცია. სოციალურ ქსელსა და ტაძრის საიტებზე მუდმივად ახლდებოდა და ახლდება ღვთისმსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციები, ვრცელდება ლიტურგიკული ცხოვრებისა და სატაძრო სიახლეების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალები, რომლებიც დიდი ნუგეშია ქართული საზოგადოების მორწმუნეთათვის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო რეგულაციებისადმი ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს მორჩილება უცხოური მედიის განხილვის ობიექტიც გახდა: საბერძნეთის ტელე გადაცემამ ჩვენი ტაძრის მიერ შექმნილი საღმრთო ლიტურგიის ერთ-ერთი კლიპი გააშუქა, სამაგალითოდ იმისა, რომ პანდემიის პირობებშიც შესაძლებელია უფლის დიდება, სახელმწიფო რეგულაციების სრული გათვალისწინებით.

 

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სადაგ დღეებში ყოველდღიური წირვები აღესრულება. შაბათობით – ორი, კვირა დღეს კი სამი საღმრთო ლიტურგია აღევლინება კომპლექსის სხვადასხვა ტაძარში, განსხვავებული განრიგებით. აღსანიშნავია ისიც, რომ კვირაობით და დღესასწაულებზე ზიარების დროს გამობრძანდება რამდენიმე ბარძიმი, რაც ასევე უწყობს ხელს მრევლის თანაბარ გადანაწილებას.
ანალოგიური მიდგომა შენარჩუნდა აღდგომის მარხვის პერიოდშიც: პირველშეწირული ლიტურგიები, რომლებიც ჯვართამაღლების ტაძარში უკვე წლებია, რაც დიდი მარხვის სადაგ დღეებში ყოველდღიურად აღევლინება, დაინიშნა დღეში ორჯერ – დილა-საღამოს, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვისა და კომენდანტის საათის პირობებში, მსურველებს ჰქონოდათ ყველანაირი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ ღვთისმსახურებაში.


Ამავე პერიოდში დაწესდა განსაკუთრებული მსახურება ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის „პანტანასას“ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე. 24 საათის განმავლობაში ტაძრის მღვდელმსახურები და მრევლი უწყვეტ ლოცვას აღავლენდა დაავადებულებისა და მედიცინის მუშაკებისთვის. Მათ სახელებს ტაძრის ინტერნეტ რესურსების მეშვეობით აგზავნიდნენ საქართველოდან და – ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.


მედიცინის მუშაკების ღვაწლის პატივისცემისა და მადლიერების გამოსახატავად, მრევლის წევრების ინიციატივითა და მათი უშუალო მონაწილეობით, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალისთვის სიმბოლური საჩუქრები მომზადდა. ამასთანავე, Პანდემიის პირველი ტალღის დროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადაეცა 10 000 ლარი და ასევე, ტაძრის მღვდელმსახურმა საბა თავაძემ ცენტრს დროებით საკუთარი მანქანაც დაუთმო. Მეორე ტალღის დროს სოციალურად შეჭირვებულ 10 მოსწავლეს სამრევლოს სახელით გადაეცათ ლეპტოპები და სასწავლო წლის დასრულებამდე ინტერნეტის გადასახადი დაუფინანსდათ.


აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს ერთობლივი პროექტით ჯვართამაღლების ტაძარში ყოველ კვირას COVID-19-ზე PCR ტესტირება ტარდება, რომელშიც ტაძრის 70-მდე მსახური იღებს მონაწილეობას.


ჯვართამაღლების ტაძრისთვის პანდემია და მისგან განპირობებული მოცემულობები მორიგი მზაობა იყო უფლის ძიებისა და დიდების სრულყოფილი გაგრძელებისა, სახელმწიფო რეგულაციებისა და სამყაროში არსებული განსაცდელისადმი მორჩილების გზით.